საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრი, გამოსაშვები გამოცდების სრული ფორმატით მოდელირების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით გენერალურ რეპეტიციას ატარებს. 326 სკოლის 14 ათასზე მეტი მეთორმეტეკლასელი 12–დან 15 აპრილის ჩათვლით საცდელ ტესტირებას 8 საგანში გაივლის. გამოსაშვები გამოცდების რეპეტიციის მიმდინარეობას მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში აკვირდებოდნენ.
საცდელი გამოცდისას მოსწავლეები პორტატულ კომპიუტერებზე მუშაობენ, რომელთა მსგავსს ისინი მაისში, გამოსაშვები გამოცდებისას გამოიყენებენ. გენერალური რეპეტიცია 12 აპრილს 10 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტირებით დაიწყო, ამავე დღის მესამე და მეოთხე სესია მათემატიკის ტესტურ დავალებებზე მუშაობას დაეთმობა.
გამოსაშვები გამოცდების გენერალური რეპეტიციის მიზანია ადმინისტრირების მექანიზმების, პროგრამული, ტექნიკური უზრუნველყოფისა და ტესტური დავალებების გამოცდა. გამოსაშვები გამოცდების გენერალური რეპეტიცია 15 აპრილს ფიზიკისა და ქიმიის გამოცდით დასრულდება.