15.04.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა ახალციხის №7 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს ლამაზი დღე აჩუქა. ცენტრის ინიციატივით, სკოლა-პანსიონის აღსაზრდელები და მათი პედაგოგები თბილისში ერთი დღით ჩამოვიდნენ.
ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ინიციატივას გამოეხმაურნენ და საქველმოქმედო აქციაში აქტიურად ჩაერთნენ კინოთეატრი ”რუსთაველი”, კომპანია ”M-ჯგუფი”, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
ახალციხელ ბავშვებს კინოთეატრმა ”რუსთაველმა” უმასპინძლა. პატარები ანიმაციური ფილმის ”რიოს” სეანსს დაესწრნენ.
კინოსეანსის შემდეგ სკოლა-პანსიონის აღსაზრდელები კომპანია ”M-ჯგუფმა” მიიწვია სადილზე რესტორან ”Two Side”-ში და საფირმო კერძებით გაუმასპინძლდა.
დედაქალაქში ჩამოსულ მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ და ცენტრის წარმომადგენლებმა ახალციხის №7 სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებიც დაათვალიერებინეს.
ახალციხის №7 სკოლა-პანსიონი ერთ-ერთია იმ სამი სკოლიდან, რომელზეც ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრს კურატორობა აქვს აღებული. ახალციხის №7 სკოლა-პანსიონში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 36 მოსწავლე სწავლობს, ყველა მათგანს საერთო სამედიცინო დიაგნოზი აქვს - გონებრივი ჩამორჩენა, ათ მათგანს კი ფიზიკური პრობლემებიც აღენიშნება. სკოლა-პანსიონში მცხოვრები ორი მოსწავლე ჩართულია ინკლუზიური განათლების პროექტში და ახალციხის №5 საჯარო სკოლაში სწავლობს.