საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის ფარგლებში საქართველოში მოქმედი 8 სპორტული ფედერაცია ვალდებულებას იღებს სკოლებში მოსწავლეთა სპორტული მომზადების დონის გაუმჯობესებას, სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებასა და პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კალათბურთის, ფრენბურთის, ხელბურთის, რაგბის, მძლეოსნობის, ქართული ჭიდაობის, ჭადრაკისა და სპორტული ცეკვების ფედერაციათა ხელმძღვანელები: ბესიკ ლიპარტელიანი, ლევან ახვლედიანი, ზაზა დოლიძე, გიორგი ნიჟარაძე, ალექსანდრე ახვლედიანი, თემურ გიორგაძე, გიორგი გიორგაძე და ეკა არჩაია.სპორტის რვავე სახეობაში ლიგები შეიქმნება და საჯარო სკოლებს შორის ჩემპიონატები ჩატარდება. ამის საშუალებას იძლევა 2010 წელიდან სკოლებში ფიზიკური კულტურის გაკვეთილების სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლება. სკოლები უკვე ჩართულია სასკოლო ჩემპიონატებში, მოსწავლეებში იზარდება მოტივაცია და მკვიდრდება ჯანსაღი ცხოვრების წესი.
სპორტის სახეობებს სკოლები სურვილისამებრ ირჩევენ, მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ სასკოლო ჩემპიონატები, რომელთა ორგანიზებაშიც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და სპორტული ფედერაციები ჩაერთვებიან, უფრო ორგანიზებული გახდება. ყველა სახეობა თანაბრად განვითარდება და სპორტი გახდება უფრო პოპულარული. მემორანდუმი ასევე მიზანად ისახავს სპორტი უფრო მეტი მოზარდისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ორი სახელმწიფო უწყების ამგვარი თანამშრომლობა მომავალში ხელს შეუწყობს მოზარდებს შორის სპორტული რესურსის გამოვლენას და მათ წახალისებას.