საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის მე-200 სკოლა-პანსიონს ეწვია, ბავშვებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო საჩუქრები გადასცა.
მე-200 საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 157 მოსწავლეა, მათგან 110 - პანსიონური მომსახურებით სარგებლობს. 23 აპრილს მინისტრს ამ სკოლის 60-მა მოსწავლემ უმასპინძლა.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა საზოგადოებაში ინტეგრაციაზე, ახორციელებს პოექტებს, რომელშიაც ამ სკოლის მოსწავლეებიც არიან ჩართულნი, როგორც საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.
ღონისძიების დასასრულს, მოსწავლეებმა სტუმრებს თავიანთი ხელნაკეთი ნივთები დაათვალიერებინეს და საკონცერტო ნომრები წარუდგინეს.