საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე კენტ ლონგსტონი თბილისის აეროპორტში მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა ახალ ჯგუფს დახვდნენ. მოხალისეები გაივლიან მოსამზადებელ კურსს და მუშაობას ივლისის თვეში შეუდგებიან.
საქართველოში მშვიდობის კორპუსი დაფუძნდა 2001 წელს და მას შემდეგ 375-ზე მეტმა მოხალისემ იმსახურა ქვეყანაში. ეს არის მეთერთმეტე ჯგუფი რომელიც საქართველოში იმსახურებს და მის შემადგენლობაში შევა 30 ინგლისური ენის მასწავლებელი და 15 ბიზნეს კონსულტანტი. სრული ორწლიანი მოღვაწეობის დაწყებამდე ჯგუფის წევრები გაივლიან ათკვირიან წინასამსახურეობრივ ტრენინგებს ქართულ ენაში, კროს-კულტურულ, ტექნიკურ, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. რათა უკეთესად შეეგუონ ქართულ რეალობას და ადვილად გაიარონ ადაპტაცია, ამ პერიოდის მანძილზე ისინი ქართულ მასპინძელ ოჯახებში იცხოვრებენ.
ორი წლის განმავლობაში მოხალისეები იმუშავებენ საშუალო სკოლებში ან არასამთავრობო და სოციალური განვითარების მხარდამჭერ ორგანიზაციებში აჭარაში, გურიაში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში. მოხალისეები იმსახურებენ ქართველ პარტნიორ მასწავლებლებთან ერთად და დაეხმარებიან ადგილობრივი თემს.
”აღსანიშნავია რომ, მსგავსი პროექტების ხელშეწყობა და გაგრძელება მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის და წინსვლისთვის”-განაცხადა კოკა სეფერთელაძემ.
მშვიდობის კორპუსი 1961 წელს დაარსდა პრეზიდენტ ჯონ კენედის მიერ.
1961 წლიდან დღემდე მშვიდობის კორპუსს 200,000 მოხალისე შეუერთდა და იმსახურა 139 ქვეყანაში. დღეს, მშვიდობის კორპუსში 8,655 მოხალისე მსახურობს ევროპის, აფრიკის, აზიის, კარიბის აუზის, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის 77 ქვეყანაში.