საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენცია გახსნა, რომელიც სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა და მისი ორგანიზატორი სკოლა-ლიცეუმი ”მწიგნობართუხუცესი” იყო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ დარგის ცნობილი მეცნიერები.
კონფერენციის მიზანი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია, ამ საგნებით მოსწავლეთა დაინტერესება, მათი სტიმულირება, უცხოელ თანატოლთა გაცნობა და მათთან დამეგობრება იყო.
კონფერენციის მუშაობაში 13 სკოლა და 100- მდე მოსწავლე იყო ჩართული როგორც საქართველოდან ასევე უცხოეთიდან. მოსწავლეებმა წარმოადგინეს არაერთი საინტერესო თემა და პროექტი ბიოლოგიაში, ფიზიკასა და ქიმიაში. დიდი მოწონება დაიმსახურა ჩეხი და ლატვიელი მოსწავლეების მიერ შესრულებულმა ნაშრომებმა.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, სამინისტრო ყოველთვის მხარს უჭერს და მომავალშიც წაახალისებს ღონისძიებებს, სადაც მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ ცოდნა გაიღრმავონ და უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ ისეთ მნიშვნელოვან სფეროზე, როგორიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებაა.
კონფერენციის მონაწილე ყველა მოსწავლეს სიგელები გადაეცათ. ასევე, სკოლა-ლიცეუმის ”მწიგნობართუხუცესი” დირექციამ ისინი ერევანსა და ბაქოში სამდღიანი ექსკურსიით დაასაჩუქრა.