საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეხუთე საერთაშორისო ოლიმპიადა გახსნა. ოლიმპიადა ილია ვეკუას თასზე პროგრამირებაში ტარდება და გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ვეკუას ხსოვნას ეძღვნება.
ტრადიციულად, ოლიმპიადის დასწრებული ტური, საქართველოს გარდა, ტარდება აგრეთვე ნოვოსიბირსკში, მოსკოვში და სანკტ-პეტერბურგში, ანუ იმ ქალაქებში, რომლებთანაც დაკავშირებულია აკადემიკოს ილია ვეკუას მოღვაწეობა. წელს თბილისში ჩამოვლენ გუნდები რუსეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, მოლდავეთიდან. 2 მაისს ოლიმპიადა საზეიმოდ დაიხურება და გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.
ილია ვეკუას ხსოვნისადმი მიძღვნილ ოლიმპიადაზე, ვეკუას თასის გარდა, წელს გათამაშდება ორი სპეციალური პრიზი. ნიკო მუსხელიშვილის პრიზით დაჯილდოვდება საუკეთესო საზღვარგარეთული გუნდი (თბილისში), ხოლო ევგენი პანკრატიევის სახელობის პრიზით დაჯილდოვდება ოლიმპიადის საუკეთესო გუნდი სამხრეთ კავკასიიდან. ამ პრიზებიდან პირველი დაწესებული აქვს ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტს, ხოლო მეორე – მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ხსენებულ პრიზებს წელს პირველად დაემატება აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის სახელობის პრიზი, რომელიც საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დააწესა და რომელიც საუკეთესო ქართველ მონაწილეს გადაეცემა.
შეჯიბრებაში მონაწილეობენ წამყვანი ქართველი სტუდენტი და მოსწავლე პროგრამისტები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პირველად მასპინძლობს ოლიმპიადას ილია ვეკუას თასზე. მანამდე საქართველოში ამ ღონისძიებას 2-2-ჯერ უმასპინძლეს შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა.