დიმიტრი შაშკინის განცხადებით: ”თავისუფალი უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია და როგორც ყველა ასეთ უნივერსიტეტში, სწავლების საფასური აქაც მაღალია. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ახალი პროექტი, რადგან ნიჭიერი ბავშვები არ დაიჩაგრებიან და მათ სწავლის შესაძლებლობა შეუფერხებლად ექნებათ”.
თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარის, კახა ბენდუქიძის განცხადებით, საუკეთესო სტუდენტებს, მათი ფინანსური მდგომარეობისა და საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად უნივერსიტეტში სწავლა და საუკეთესო განათლების მიღება შეუძლიათ: ”სწორედ ამიტომ შეიქმნა პროექტი ისწავლე დღეს – ასწავლე ხვალ. ყველას შეეძლება ბაკალავრიატი სწავლის საფასურის გადახდის გარეშე დაამთავროს, საუკეთესო განათლება მიიღოს, გახდეს წარმატებული და ბაკალავრიატის დამთავრებიდან მომდევნო ოთხი წლის მანძილზე, ახლადმიღებული სტუდენტის სწავლა დააფინანსოს”.
თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოში ჯერჯერობით ერთადერთია, რომელიც 2010 წელს მიღებულ ყველა ახალ სტუდენტს გარდამავალ დაფინანსებას სთავაზობს.