საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და მინისტრის მოადგილეები პროფესიული სასწავლებლების საქმიანობის ადგილზე გაცნობას განაგრძობენ. ამჯერად, მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ გორის რაიონის სოფელ ხიდისთავის პროფესიული კოლეჯი მოინახულა.
ხიდისთავის პროფესიული სწავლების ცენტრი 2007 წელს, ორი პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა. სწავლების ცენტრი ამ ეტაპზე ახორციელებს შემდეგ სასწავლო პროგრამებს: სამშენებლო პროფესიები-შემდუღებელი, ზეინკალ-სანტექნიკოსი, მეფილე-მომპირკეთებელი. ასევე მსურველები აქ ეუფლებიან ელექტრიკოსის და მღებავის სპეციალობებს.
სოფლის მეურნეობის მიმართულებით კოლეჯი შემდეგ სპეციალობებზე ახორციელებს მიღებას: ვეტერინალური მომსახურების სპეციალისტი, მელიატორი, ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებლის სპეციალისტი. ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს დაფინანსებით მიმდინარეობს მეხილის სპეციალობის სტუდენტთა მომზადება. ახალი სასწავლო წლიდან იგეგმება სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის პროგრამაზე სტუდენტთა მიღება. ხიდისთავის პროფესიული კოლეჯში სწავლების ხანგრძლივობა 3 თვიდან 12 თვემდე მერყეობს. ცენტრში აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით, პერიოდულად ტარდება ტრენინგები სტუდენტთა დასაქმების დასახმარებლად.
ხიდისთავის პროფესიული სწავლების ცენტრში სახელობო პროგრამებზე 130 სტუდენტი სწავლობს. ცენტრში ამჟამად 17 პედაგოგი მუშაობს, რომელთა ნაწილს საერთაშორისო სერთიფიკატი აქვს. მიმდინარე წელს ახალ პროგრამებზე 165 სტუდენტის მიღება იგეგმება.