ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სადემონსტრაციო გაკვეთილების ჩატარებას ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრსა და თსუ-ს შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი ითვალისწინებს.
ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე მოსწავლეებს ახალი არჩევითი საგნის ”მსოფლიო კულტურის” მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა.
სამოდელო გაკვეთილის თემას კულტურის უნივერსალიები და მათი გამოვლენის ფორმები წარმოადგენდა. მოსწავლეებმა სტუმრებს თავიანთი ნამუშევრები და თემის გარშემო მოძიებული მასალა წარმოუდგინეს. გაკვეთილის მსვლელობაში მონაწილეობდნენ ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ექსპერტები და საპილოტე მასალის საავტორო ჯგუფის წევრები.
,,მსოფლიო კულტურა'' 2010-2011 სასწავლო წელს გადის პილოტირებას 12 საჯარო და 2 კერძო სკოლაში თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. საგანი მომავალი 2011-2012 სასწავლო წლიდან არჩევითი კურსის სახით დაინერგება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საშუალო საფეხურზე - X, XI, XII კლასებში.