საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოფელ ვაზიანში ახლადაშენებული საჯარო სკოლა გახსნა. საერთაშორისო სტანდარტების სკოლის მშენებლობა 2011 წელს დასრულდა. სკოლაში 171 მოსწავლე სწავლობს, საგანმანათლებლო საქმიანობას კი 21 პედაგოგი ეწევა.
ახალ სკოლას აქვს სპორტული მოედანი და დარბაზი, საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორია, კომპიუტერული და თავდაცვისა და სამოქალაქო უსაფრთხოების ოთახი, ინგლისური ენის კაბინეტი და ბიბლიოთეკა.
სკოლის მოსწავლეები მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევან, როგორც ოლიმპიადებში, ასევე ეროვნულ გამოცდებზეც. რეგულარულად ტარდება შიდა სასკოლო ღონისძიებები და სპორტული შეჯიბრებები. სპორტის სახეობებიდან სკოლას არჩეული აქვს ფეხბურთი, ფრენბურთი და მაგიდის ჩოგბურთი.
საქართველოს პრეზიდენტმა VI და VII კლასის წარჩინებული მოსწავლეები ლიკა ვახტანგიძე და რატი კონცელიძე პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოვა.
სკოლა დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებით. შექმნილი არის საგნობრივი კათედრები, სადაც სისტემატიურად იხილება საგნის სწავლებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები. სკოლის პედაგოგიური კოლექტივი აქტიურადაა ჩართული განათლების რეფორმაში, ისინი მონაწილეობენ სასერტიფიკაციო გამოცდებში. სკოლაში ხორციელდება პროგრამა ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’, რომლის ფარგლებში მოსწავლეებს ინგლისურ ენას ამერიკელი პედაგოგი ჯონათან რობერტსი ასწავლის.
სოფელ ვაზიანში არასრული საჯარო სკოლა პირველად 1989 წელს სახელმწიფოს მიერ შესყიდულ ორსართულიან კერძო სახლში გაიხსნა, 1995 წელს სკოლა რეორგანიზებულ იქნა საჯარო სკოლად. ფართის უკმარისობის გამო სკოლა გადავიდა მოძრავ – მექანიზებული კოლონის გაუქმებულ შენობაში, სადაც გაუსაძლისი პირობები იყო, საკლასო ოთახები და ინვენტარი ვერ აკმაყოფილებდა მეცადინეობისათვის საჭირო პირობებს.
ახალი სკოლის მშენებლობა მსოფლიო ბანკმა დააფინანსა.