28.05.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე, საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი და აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის 2011 წლის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალს დაესწრნენ. მინისტრის მოადგილემ სკოლის დამთავრება მიულოცა ახალგაზრდებს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ამერიკულ აკადემიას წელს 53 მეთორმეტეკლასელი ამთავრებს, ბევრი მათგანი სწავლას აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძობს, მაგრამ საქმიანობის დაწყებას ისინი მშობლიურ ქვეყანაში გეგმავენ.
ამერიკული აკადემია 2001 წელს ქართველმა ბიზნესმენმა, გივი ზალდასტანიშვილმა დააარსა. მიმდინარე 2011 წელი ამერიკული აკადემიის საიუბილეო წელია – სკოლას ათი წელი შეუსრულდა. აკადემიას 290 კურსდამთავრებული ჰყავს, მათი უმრავლესობა ჰარვარდის, იელის, პრინსტონის, კოლუმბიის, ბრაუნისა და ემორის უნივერსიტეტებში, ამერიკის სამხედრო და საზღვაო აკადემიებში, მილანში ბოკონის უნივერსიტეტში, პარიზში ამერიკის უნივერსიტეტში, ლონდონში ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში, შოტლანდიაში სენტ ენდრიუსის, ედინბურგის უნივერსიტეტებსა და მრავალ სხვა ამერიკისა და ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ.
გასულ წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010 წლის საუკეთესო კერძო სკოლად სწორედ, გ.ზალდასტანიშვილის სახელობის აკადემია დაასახელა. თანამედროვე დასავლური პედაგოგიური მეთოდოლოგიის დანერგვასთან ერთად, აკადემიის ერთ-ერთი უპირველესი მიზანია, ღრმად და საფუძვლიანად შეასწავლოს მოსწავლეებს საქართველოს ისტორია და კულტურა, ჩაუნერგოს საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემა და სიყვარული.