თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერკულტურული დიალოგის იუნესკოს კათედრის ინიციატივით, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ”მსოფლიო კულტურის” საგნობრივი პროგრამის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ვარდოსანიძემ კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეებს ლექცია/სემინარი გაუმართა თემაზე - ”ქალაქური ცხოვრების წესი”.
ვლადიმერ ვარდოსანიძის მოსწავლეებთან შეხვედრა ახალი არჩევითი საგნის - ”მსოფლიო კულტურის” პოპულარიზაციასაც ისახავდა მიზნად. ეს საგანი მომავალი 2011-2012 სასწავლო წლიდან არჩევითი კურსის სახით დაინერგება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საშუალო საფეხურზე - X, XI, XII კლასებში.
შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. ინტერაქტიურ საუბრებში მოსწავლეებმა ახალი საგნის მიმართ განსაკუთრებული დაინტერესება გამოხატეს. მოსწავლეებიც და მათი პედაგოგებიც აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში.
2010-2011 სასწავლო წლის ბოლოს სრულდება ახალი არჩევითი საგნის ”მსოფლიო კულტურა” პილოტირება თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 12 საჯარო და 2 კერძო სკოლაში.
2011 წლის ივნისში გაიმართება ”მსოფლიო კულტურის”, როგორც ახალი არჩევითი საგნის, შემაჯამებელი სემინარი.