თბილისის მერმა გიგი უგულავამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის პროფესიული სწავლების საინფორმაციო ცენტრი გახსნეს. ცენტრი ტექნიკური უნივერსიტეტის შენობაშია განლაგებული და უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი.
პროფესიული სწავლების საინფორმაციო ცენტრი დაინტერესებულ პირებს პროფესიული განათლების მისაღებად ყველა საჭირო ინფორმაციას აწვდის და მომავალ სტუდენტებს შესაბამის კოლეჯებში სასურველ პროგრამებზე და პროფესიებზე არეგისტრირებს. საინფორმაციო ცენტრში ასევე არის დამსაქმებელთა მონაცემთა ბაზა, სადაც პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულებს შეუძლიათ მოიძიონ ინფორმაცია სამუშაო ადგილების შესახებ და დასაქმდნენ.
სამინისტროს ინიციატივით, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა დასახმარებლად ქვეყნის მასშტაბით სამი ასეთი საინფორმაციო ცენტრი შეიქმნა: თბილისში, ქობულეთსა და ქუთაისში. ეს ცენტრები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, საჭირო ინვენტარითა და მონაცემთა ბაზებით. ცენტრში მუშაობენ მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კადრები.
პროფესიული სწავლების საინფორმაციო ცენტრები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ პროფესიული სწავლების სფეროში განხორციელებული რეფორმების შედეგად შეიქმნა. საქართველოში პროფესიული სწავლების განვითარება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.
პროფესიულ კოლეჯებში მიღებული განათლებით სტუდენტებს დასაქმების რეალური საშუალება ეძლევათ. პროფესიულ კოლეჯებში დაინტერესებული პირები მომსახურების, ტურიზმისა და სამშენებლო სფეროებში ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს სწავლობენ.