13.06.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტთან ერთად კიდევ ერთი აღმაშფოთებელი ფაქტი გამოავლინა.
ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა სასკოლო წიგნების გრიფირებასთან დაკავშირებულ კორუფციული გარიგების მცდელობას. კერძოდ, შპს ”კავკასიის აკადემიური ცენტრის” დამფუძნებლებმა დავით ცეცხლაძემ და ნიკოლოზ ბაქარაშვილმა მათ მიერ უცხოეთიდან შემოტანილი წიგნებისთვის გრიფის მინიჭების სანაცვლოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მაღალჩინოსანს ქრთამის სახით 50 ათასი აშშ დოლარი შესთავაზეს.
იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ შეთავაზებულ წიგნებს გრიფი მიენიჭებოდა და სკოლებში ამ სახელმძღვანელოებით სწავლება სავალდებულო გახდებოდა, გარდა 50 ათასი დოლარისა, ეჭვმიტანილები სამინისტროს თანამშრომელს ქრთამის სახით მოგების 33%-საც სთავაზობდნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთობლივი ოპერატიული მუშაობის შედეგად, სამართლადამცველებმა აღნიშნული პიროვნებები ქრთამის გადაცემის ფაქტზე დააკავეს.
სამწუხაროდ, ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი მოქალაქე ვერ აცნობიერებს იმას, რომ ნეპოტური და კორუფციული გარიგებების დრო დასრულდა. ნებისმიერი უკანონო ქმედება მკაცრად კონტროლდება და მას კანონის შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და არაკორუმპირებული უწყებაა. სამინისტრო კვლავ გააგრძელებს მსგავსი ფაქტების მოკვლევას და არავის მისცემს უფლებას, საკუთარი კეთილდღეობა ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობის განათლების ხარჯზე მოიწყოს.