17.06.2011
საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების დოქტორანტების სადოქტორო პროგრამის განხორციელებაში უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ქართველი მეცნიერები ჩაერთვებიან. სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი დოქტორანტურის საგანმანათ¬ლებლო პროგრამების თანახელმძღვანელობისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსს აცხადებს. კონკურსი დოქტორანტებს საშუალებას მისცემს თემის თანახელმძღვანელად საქართველოს საზღვრებს გარეთ მოღვაწე ქართველი მკვლევარი ჰყავდეთ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა ახალი კონკურსის პროგრამა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრებილ დოქტორანტებს გააცნეს. მათი განცხადებით, ფონდის მიზანია ერთის მხრივ, ხელი შეუწყოს ჩვენს დოქტორანტებს პროფესიულ ზრდაში, მეორეს მხრივ კი, მოიზიდოს საზღვარგარეთ არსებული სამეცნიერო პოტენციალი და უზრუნველყოს საქართველოს ინტელექტუალურ და სამეცნიერო ცხოვრებაში მათი მაქსიმალური ჩართვა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე დოქტორანტს, რომელიც მომავალი 2 წელი დოქტორანტურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტია. შესაბამისად, პროექტის ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს არანაკლებ 2 წლით. პროექტის ფარგლებში ფონდის მიერ დაფინანსდება როგორც უცხოეთში მოღვაწე ქართველი თანახელმძღვანელის საქართველოში მივლინებები, ასევე დოქტორანტის ვიზიტები თემის თანახელმძღვანელის კვლევით დაწესებულებაში, სადაც გაეცნობა და ჩაერთვება მიმდინარე სამეცნიერო პროცესებში. თითოეულ გამარჯვებულ პროექტს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი წლიურად 15 000 ლარით დააფინანსებს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის კონკურსის პროგრამა და პირობები ფონდის ვებ-გვერდზე www.rustaveli.org.ge უკვე განთავსებულია, პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია ამავე ვებ-გვერდზე 20 ივნისს დაიწყება და 25 აგვისტოს დასრულდება.