ერთიანი ეროვნული გამოცდების, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ლასერეს ტერმინალიდან თბილისისა და რეგიონების პოლიციის მთავარ სამმართველოებში გადაიტანეს და განათავსეს.
2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ტესტები კონფიდენციალური დოკუმენტაციის ბეჭდვაში აღიარებულმა ავტორიტეტმა, ბრიტანულმა კომპანია „სტივენ ოსტინმა“ დაბეჭდა (Stephen Austin (www.stephenaustin.co.uk). 1768 წელს დაფუძნებული კომპანია ”სტივენ ოსტინი” დღეისათვის მსოფლიოს 4 კონტინენტზე 20 ქვეყნის საგამოცდო ცენტრსა და განათლების სამინისტროს ემსახურება.
ტესტების შეფუთვისა და ტრანსპორტირებისას დაცული იქნა უსაფრთხოების ყველა ზომა – საგამოცდო ტესტები მოთავსდა სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტებში, რომელთა გახსნა დაზიანების გარეშე შეუძლებელია. პაკეტები ჩაეწყო ყუთებში და დაილუქა. დალუქული და პალეტებზე განთავსებული ყუთები მოთავსდა კონტეინერში, რომელსაც სამი სხვადასხვა ტიპის ლუქი დაედო.
საგამოცდო ცენტრებს ტესტები უშუალოდ გამოცდის დღეს მიეწოდება. დალუქული ყუთების ტრანსპორტირება უშიშროების სამსახურისა და საპატრულო პოლიციის თანხლებით მოხდა.