კოლეჯი „პროფესიონალი“ შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამის ცოდნასა და უნარებს ყოველწლიურად ასობით სტუდენტს აძლევს. განახლებული სასწავლო პროგრამებით აქ სტუდენტები 10 სპეციალობას ეუფლებიან: საზეინკლო საქმე, ოფსეტური ბეჭვდა, პოლიგრაფიული ბეჭვდა, გობელენის ქსოვა, თექის ნაწარმის ხელით დამზადება და მხატვრულად დამუშავება, ქიმიური ანალიზის ლაბორანტი, კომპიუტერული სისტემების მომსახურება, ჭრა-კერვა, ბუღალტერია, მებაღე-დეკორატორი.
სასწავლებელი აქტიურად თანამშრომლობს კურსდამთავრებულთა პოტენციურ დამსაქმებლებთანაც. პროფესიების მიხედვით კოლეჯს გაფორმებული აქვს მემორანდუმები ისეთ კომპანიებთან როგორიცაა: „საქართველოს მაცნე“, „კარტოგრაფიული ფაბრიკა“, „სტამბა-96“, „მილერი და კომპანია“, ინდ. მეწარმე მანანა ობგაიძე, სრულიად საქართველოს პოლიგრაფისტთა ასოციაცია, „მომავალი საუკუნე“ და სხვ.. სასწავლებელს დაგეგმილი აქვს დასაქმების პროცენტი 70%-მდე გაზარდოს.
ახალი სასწავლო წლიდან კოლეჯში ახალი სპეციალობები ამოქმედდება: ხის მხატვრული დამუშავების სპეციალისტი, მემინანქრე, სატელეკომუნიკაციო ქსელებისა და სისტემების ექსპლოატაციის ტექნიკოსი, ოფისის მენეჯერი (მდივან-რეფერენტი), ღონისძიებათა მომწყობი, სავალი ნაწილების ტექნიკოსი, ტრიკოტაჟის სპეციალისტი.
პროფესიული კოლეჯი „პროფესიონალი“ ახალი სასწავლო წლისათვის ინფრასტრუქტურის განვითარებას, კერძოდ, სასწავლო სახელოსნოების გარემონტებას და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებასაც გეგმავს. ამჟამად, ფეხსაცმლის ტყავის ნაწარმისა და აქსესუარების სპეციალისტისა და ავტომანქანათა სავალი ნაწილების ტექნიკოსის სახელოსნოების აჭღურვა მიმდინარეობს.
პროფესიული და სახელობო განათლების ახალი კონცეფციის ფარგლებში, განახლებული პროფესიული კოლეჯები ისეთი პრობლემების გადაჭრაში გვეხმარება როგორიცაა: დასაქმება, ეკონომიკური ზრდა და კვალიფიციური კადრების დეფიციტი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პროფესიული კოლეჯების მონახულებას მომავალშიც გააგრძელებს და მათ საქმიანობას ადგილზე პირადად გაეცნობა.