რვა მილიონი ლარი დაიხარჯება სოციალურად დაუცველი ყველა მოსწავლისთვის სახელმძღვანელოების შესაძენად. ამის შესახებ განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახის მოსწავლე, რომელიც 2011 წლის 15 სექტემბერს სკოლაში გამოცხადდება, საქართველოს მთავრობის მიერ უფასოდ მიიღებს სახელმძღვანელოებს. ამ მიზნით სახელმწიფომ უკვე გამოყო 8 მილიონი ლარი, რომლითაც 800 000 სასკოლო სახელმძღვანელო იქნება შეძენილი.
პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, მოსწავლეები, რომელთა ოჯახისთვის მინიჭებული ქულა 70 ათასის ქვემოთაა, ყველა სახელმძღვანელოს უფასოდ მიიღებენ. სახელმძღვანელოებს სახელმწიფოსაგან ასევე მიიღებენ მეშვიდედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეები, რომელთა ქულა 57 ათასის ქვემოთაა.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ეს სერიოზული შეღავათი იქნება მოსახლეობისათვის და მივაღწევთ იმას, რომ მიუხედავად ოჯახის შემოსავალისა, ყველა ბავშვს შესაძლებლობა ექნება მიიღოს სრულყოფილი განათლება.