29.06.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ გამოცდების მედიაცენტრი გახსნა. ცენტრი მასმედიის წარმომადგენლებს მოემსახურება და მათთვის ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდებას უზრუნველყოფს.
2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 30 ივნისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. წელს სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრი გარდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა, საერთო სამაგისტრო გამოცდასა და პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებსაც ჩაატარებს.
გამოცდები ტარდება შემდეგ ქალაქებში: სიღნაღი, თელავი, რუსთავი, თბილისი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი, ზუგდიდი, ბათუმი, ხულო.
საგამოცდო პროცესში ჩართულია 1200 მეთვალყურე და კურატორი, უშიშროების სამსახურისა და საპატრულო პოლიციის 30–მდე ბრიგადა. ყველა საგამოცდო ცენტრში განთავსდება სამედიცინო პუნქტი, ცენტრთან კი იმორიგევებს სასწრაფო დახმარების მანქანა.
საგამოცდო ტესტები დიდ ბრიტანეთში, ,,სტივენ ოსტინის“ სტამბაში დაიბეჭდა და საქართველოში კონფიდენციალობის ყველა ნორმის დაცვით ჩამოვიდა. ტესტები თბილისსა და რეგიონებში პოლიციის მთავარ სამმართველოებში განთავსდა.