საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური პროფესიული ცენტრი მოინახულა. სასწავლებელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსდა და 2011 წლის მარტიდან ფუნქციონირებს. ირინე ქურდაძე ადგილზე გაეცნო სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, შეხვდა სტუდენტებს და ის ობიექტები დაათვალიერა, სადაც სტუდენტები სასწავლო პროგრამების შესაბამისად საწარმოო პრაქტიკას გადიან.
იმერეთის რეგიონში სამთო მიმართულების სასწავლებლის გახსნა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა იყო. სწორედ პრეზიდენტის დავალებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ფაკულტეტის ბაზაზე იმერეთის მხარის გუბერნიის მხარდაჭერით რეგიონული პროფესიული ცენტრი დააარსა.
სასწავლებელში ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები სწავლობენ. გადამზადებას გადიან მეშახტეები, მაღაროელები და, ზოგადად, სამთო-საინჟინრო მიმართულების სპეციალისტები. პროფესიული პროგრამებით პირველ ეტაპზე 120 სტუდენტი სწავლობს შემდეგ სპეციალობებზე: გვირაბგამყვანი, წმენდითი სამუშაოების სპეცილისტი, სამთო ელექტრომექანიკოსი, შახტის ელმავლის მემანქანე, ამფეთქებელი, სამთო მანქანების ექსპლუატატორი და რემონტის სპეციალისტი, სასწავლებელი ასევე ამზადებს მშენებლებს, კალატოზებს, ელექტრორკალურ შემდუღებლებს.
სასწავლო პროგრამების შედგენისას გათვალისწინებული იქნა მეშახტეების, მაღაროელებისა და სამთო მიმართულების სპეციალისტთა პრაქტიკული გამოცდილებები და მოსაზრებები. პრაქტიკული სამუშაოებისთვის შექმნილია შესაბამისი პირობები, როგორც სასწავლო, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით. სასწავლებელში წლის განმავლობაში ეტაპობრივად 600-მდე მსურველის გადამზადდება.
სასწავლებელთან მჭიდროდ თანამშრომლობს ტყიბულის მაღაროს ხელმძღვანელობა. მათ სასწავლებელს ტექნიკური აღჭურვილობა გადასცეს. მაღაროს ხელმძღვანელობა სტუდენტებს შახტაში ანაზღაურებადი საწარმოო პრაქტიკის გავლას სთავაზობს, წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კი დასაქმების პერსპექტივა გააჩნიათ.