08.07.2011
დაიწყო სკოლის დირექტორობის კანდიდატთა სამეურვეო საბჭოებისათვის წარდგენის პროცესი. საქართველოს განთლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ თბილისის კლასიკური გიმნაზიის სამეურვეო საბჭოს დირექტორობის კანდიდატი ამირან ჯამაგიძე წარუდგინა.
მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა სკოლის დირექტორობის კანდიდატი ივანე კვიტაშვილი კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს, ხოლო მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ არტურ მურადიანი თბილისის 104-ე
საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წარუდგინეს. სამივე წარდგენილმა კანდიდატმა მონაწილეობა მიიღო სამინისტროს მიერ გამოცხადებულ დირექტორობის მსურველთა კონკურსში და გაიმარჯვა.
კონკურსის შედეგად შერჩეულ კანდიდატებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ, რის საფუძველზეც, მათ დირექტორობის უფლება 7 წლის ვადით ენიჭებათ. სკოლებში ვაკანტურ ადგილებზე მათი წარდგენა კი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე ხდება, რის შემდეგაც თითოეული კანდიდატის არჩევაზე გადაწყვეტილებას სკოლის სამეურვეო საბჭო იღებს.
წელს პირველად, საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი კომპიუტერული ტესტირების გამოყენებით ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითი იყო და მასში მონაწილეობა შეეძლო უმაღლესი განათლების მქონე ნებისმიერ პირს, მათ შორის როგორც დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ასევე, იმ მოქალაქეებსაც, რომლთაც აქამდე სკოლის დირექტორად არ უმუშავიათ.
გამოცდა ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე, დირექტორობის მსურველებმა გაიარეს ინდივიდუალური ტესტირება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის საშუალებით. მეორე ეტაპზე, გასაუბრებაზე, დაიშვა ის პირები, რომლებმაც გადალახეს ტესტირებისთვის დადგენილი მინიმალური ზღვარი.
შესარჩევი კონკურსის მიზანი იყო გამოევლინა პროფესიონალი კადრები, რომლებიც აკმაყოფილებენ დირექტორის სტანდარტის მოთხოვნებს და შეძლებენ უზრუნველყონ საჯარო სკოლის უწყვეტი განვითარება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირება.