საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი რუსეთის ფედერაციაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, დამოუკიდებელი და ობიექტური რადიოარხის ”ეხო მასკვის” მთავარ რედაქტორს ალექსეი ვენედიქტოვს შეხვდა. შეხვედრის ინიციატორი ცნობილი ჟურნალისტი იყო და მის მიზანს წარმოადგენდა პირადად საქართველოს მთავრობის წარმომადგენლისაგან მიეღო ინფორმაცია იმ რეფორმებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს.
ალექსეი ვენედიქტოვის განმარტებით, აუცილებელია რუსმა ხალხმა იცოდეს ის, რაც რეალურად ხდება საქართველოში და არა მხოლოდ ის, რასაც რუსეთის ოფიციალური ხელისუფლება ავრცელებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან შეხვედრის სურვილი კი, იმ ფაქტმაც განაპირობა, რომ ალექსეი ვენედიქტოვი არის რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს წევრი ამიტომ, როგორც მან აღნიშნა, მისთვის განსაკუთრებით საინტერესო სწორედ, საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმაა.
რუსი ჟურნალისტი თითქმის ყველა სიახლით დაინტერესდა, მათ შორის საატესტატო და ეროვნული გამოცდებით, მანდატურის ინსტიტუტით და აღნიშნა, რომ იგი აუცილებლად გააცნობს თავის მრავალრიცხოვან მსმენელს საქართველოში მიმდინარე სიახლეებს და ეცდება თავისი ქვეყნისთვის ”მოიპაროს” ზოგიერთი მათგანი.
დიმიტრი შაშკინმა დადებითად შეაფასა რუს ჟურნალისტთან შეხვედრა და განაცხადა, რომ გარდაქმნები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა ყველა ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი მოვლენაა.