საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრში ,,აიტი’’ საზაფხულო სკოლის ფუნქციონირებას გაეცნო და მსმენელებს შეხვდა.
პროექტი ”საზაფხულო სკოლა” სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება. ერთთვიან გადასამზადებელ კურსებზე დარეგისტრირება თერთმეტი წლის ზემოთ ყველა მსურველს შეეძლო. საზაფხულო სკოლაში ოთხი მიმართლებით მიმდინარეობს მსმენელთა გადამზადება: პერსონალური კომპიუტერის ტექნიკოსი; კომპიუტერული გრაფიკა; პერსონალური კომპიუტერის მომხმარებელ–ოპერატორი; კომპიუტერული მონტაჟი და გახმოვანება.
საზაფხულო სკოლას 108 მონაწილე ჰყავს. ყველაზე მოთხოვნად პროფესიებში გადამზადებას ყველა ასაკის ადამიანი გადის. არის შემთხვევები, როდესაც შვილებთან ერთად მშობლებიც ეუფლებიან საინფორმაციო ტექნოლოგიებს.
ასევე, ზაფხულის განმავლობაში კოლეჯში 3D სამგანზომილებიანი ანიმაციის კურსს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალისტები გადიან.
პროფესიული კოლეჯის ,,აიტი’’ ერთადერთია საქართველოში, სადაც მხოლოდ ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე
ორიენტირებული სახელობო პროგრამები სამი ძირითადი მიმართულებით ხორციელდება:
ვებ-მედია ტექნოლოგიები; კომპიუტერული ქსელები და სისტემები; ელექტრული და
სატელეკომუნიკაციო ქსელები.
სახელობო პროგრამების გარდა, სასწავლებელში მოკლევადიანი პროგრამებიც
მოქმედებს. სწავლის ხანგრძლივობა 2 თვიდან 2 წლამდეა. ბოლო სამი წლის
განმავლობაში ცენტრის კურსდამთავრებულთა და გადამზადებულ მსმენელთა
რაოდენობამ 3 000 გადააჭარბა. ამჟამად კოლეჯის სტუდენტთა საერთო რაოდენობა 321-ია.