ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მობილობის დასრულებამდე რამდენიმე კვირა დარჩა. ამ თემაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ბრიფინგი გამართა და პროცესთან დაკავშირებული დეტალები განმარტა.
მობილობა მოსწავლის სკოლიდან სკოლაში გადასვლას გულისხმობს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №114/ნ 2011 წლის 29 ივნისის ბრძანებით რეგულირდება. მობილობა წლის განმავლობაში ორჯერ, ყოველი წლის 1 ივლისიდან 31 ივლისამდე და 25 დეკემბრიდან 20 იანვრამდე ხორციელდება.
მობილობის უფლება ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეს აქვს. დადგენილი წესის შესრულებაზე პასუხისმგებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორია. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, სამინისტრო უფლებამოსილია მოსწავლის სკოლიდან სკოლაში გადაყვანა დადგენილი ვადებიდან განსხვავებულ პერიოდში განახორციელოს.
მობილობის მსურველის ჩარიცხვამდე, სკოლას უფლება აქვს გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე, დაადგინოს რამდენად შეესაბამება მოსწავლის ცოდნა და უნარები კონკრეტულ კლასში ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ დონეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება მოსწავლეთა მობილობის შესახებ განთავსებულია სამინისტროს ვებ-გვერდზე www.mes.gov.ge და სამინისტროს facebook-ის ოფიციალურ გვერდზე - facebook.com/mes.gov.ge