საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ჩოხატაურის რაიონის სოფელ ქვაბღაში ახალ სკოლას აშენებს. მომავალი წლიდან ამ სოფლის მოზარდები თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლაში ისწავლიან. მშენებლობის მიმდინარეობა მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა დაათვალიერა.
სოფელ ქვაბღის სკოლის ძველი, საუკუნოვანი ხის შენობა 1985 წლიდან ავარიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ერთი წელი ამ სკოლის 111 მოსწავლე დროებით თავშესაფარში არაკომფორტულ გარემოში სწავლობდა. მიუხედავად ამისა, ქვაბღის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საატესტატო გამოცდებზე კარგი შედეგები აჩვენეს, ყველა კურდამთავრებულმა ატესტატი მიიღო და ერთიან ეროვნულ გამოცდებსაც წარმატებით აბარებს.
ახალი სკოლის შენობა თანამედროვედ აღიჭურვება, სკოლას ექნება სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და სპორტული მოედანი. სკოლა 150 მოსწავლეზეა გათვლილი და მისი მშენებლობა 600 000 ლარზე მეტი დაჯდება.