საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე ასეულ საჯარო სკოლაში ახორციელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს, აშენებს ახალ სკოლებს, მათ შორისაა გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანის საჯარო სკოლაც, რომლის მშენებლობის მიმდინარეობა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დაათვალიერა. ორსართულიანი სკოლის პირველი სართულის მშენებლობა დასრულებულია, ახალი სასწავლო წლიდან სკოლა ექსპლუატაციაში შევა.
მომავალი წლიდან სოფლ მელაანის 200-მდე მოზარდი თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლაში ისწავლის. სოფლის სკოლის ძველი შენობა 2005 წლიდან აღარ ფუნქციონირებს. მოსწავლეები საბავშვო ბაღის, სოფლის ამბულატორიისა და ადგილობრივი თვითმართველობის შენობებში იყვნენ გადანაწილებულენი და სრულიად შეუფერებელ, არაკომფორტულ გარემოში უხდებოდათ სწავლა.
ახალი სკოლის შენობა თანამედროვედ აღიჭურვება, სკოლას ექნება სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და სპორტული დარბაზი.
მელაანის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ სამინისტროს მიერ ინიცირებულ კონკურსებსა და პროექტებში, ორი მათგანი ისტორიასა და ფრანგულში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის რეიტინგული სიის პირველ ოთხეულშია. ამ სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით გაიარეს საატესტატო გამოცდებიც. აღსანიშნავია, რომ 14 კურსდამთავრებულიდან აბსოლიტურმა უმრავლესობამ არჩევანი პროფესიულ განათლებაზე გააკეთა, ისინი უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებას მხოლოდ კაჭრეთის პროფესიულ სასწავლებელში კონკრეტული პროფესიების შესწავლის შემდეგ გეგმავენ.