სასკოლო საზოგადოების შეკრებას ესწრებოდნენ ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები, განათლების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სკოლის მოსწავლეთა მშობლები. შეკრებას უძღვებოდნენ საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსის თანათავმჯდომარეები ტატო შავშიშვილი და გია მურღულია.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე თითქმის ყველა სიახლეზე და მათ შედეგებზე. გამომსვლელები ისეთ თემებს შეეხნენ როგორიცაა: საატესტატო გამოცდები; სახელმძღვანელოების კონკურსი; პედაგოგთა სერტიფიცირება; მაღალკვალიფიციური პედაგოგების ანაზღაურება; ცვლილებები ეროვნულ სასწავლო გეგმაში; ინფრასტრუქტურის განვითარება; მანდატურთა ინსტიტუცია და სხვა.