ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, პროგრამა ,,აინშტაინის” ფარგლებში, საქართველოს ყველა საჯარო სკოლა საბუნებისმეტყველო სასწავლო ლაბორატორიებით აღიჭურვება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ თბილისის 186-ე საჯარო სკოლას სასწავლო ლაბორატორია თავად მიუტანა და ამ სკოლის პედგოგებთან ერთად გაეცნო თანამედროვე ლაბორატორიის აღჭურვილობას.
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების დონის ამაღლებისა და ამ საგნებით მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით, პროგრამა ,,აინშტაინი” ხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში, ტექნიკური დარგების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, საჯარო სკოლების ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის თანამედროვე ლაბორატორიებით აღჭურვის პროცესი მიმდინრეობს.
სასწავლო ლაბორატორიები სამი სრული კომპლექტისაგან შედგება და თითოეულში გაერთიანებულია კონკრეტული საგნის (ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა) სასწავლო თემატიკის შესაბამისად შედგენილი 18 ქვეკომპლექტი.
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები მოსწავლეთა კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას ემსახურება. ამიერიდან, თითოეული მოსწავლე შეძლებს პრაქტიკულ მუშაობას, კვლევის ჩატარებას, მისი შედეგის აღრიცხვასა და გაანალიზებას, სათანადო დასკვნის გამოტანას.