საქართველოს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების გასაცნობად მორიგი უცხოური დელეგაცია ჩამოვიდა. ამჯერად, გამოცდილების გასაზიარებლად სამინისტროს აზერბაიჯანელი სტუმრები ეწვივნენ. აზერბაიჯანულ დელეგაციას მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა უმასპინძლა და პირადად გააცნო სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე ახალი პროექტები: CAT-ის საატესტატო გამოცდები, მანდატურის ინსტიტუტი, პირველკლასელთათვის ნეტბუქების დარიგება, უცხო ენის გაძლიერებულად სწავლება, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და სხვა.
დელეგაციის წევრები არიან: აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, დირექტორის მოადგილე, ფონდის პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ცენტრალური ბანკის მმართველი, მოადგილე, ბანკის განვითარების დეპარტამენტის დირექტორი; ოდლარიურდუს უნივერსიტეტის რექტორი, სტუდენტების ჩარიცხვის კომისიის უფროსი; აზერბაიჯანის დიპლომატიის აკადემიის აღმასრულებელი დეკანი; ბაქოს ევროპული ლიცემიუმის დირექტორი.
ვიზიტის ფარგლებში არაერთი შეხვედრაა დაგეგმილი როგორც სამიმისტროს ასევე, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურების წარმომადგენლებთან. აზერბაიჯანული დელეგაცია სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრატრუქტურის განვითარების სააგენტოში იმ უახლესი სისტემებით აღჭურვილ სასერვერო ცენტრს გაეცნობა, საიდანაც სამინისტროს წარმომადგენლები მთელი საქართველოს მასშტაბით საატესტატო გამოცდებს წარმართვდნენ და პროცესის მიმდინარეობას ვიდეო გამოსახულების საშუალებით აკვირდებოდნენ.
აზერბაიჯანის წარმომადგენლები ასევე დაინტერესდნენ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამით, რომლის თანახმად, მოსწავლეები ინგლისურ ენას პირველივე კლასიდან შეისწავლიან და ყველა პირველკლასელი სახელმწიფოსაგან საჩუქრად ნეტბუქს მიიღებს. სტუმრები იმ ქარხანასაც დაათვალიერებენ, სადაც ქართული კომპიუტერები აეწყობა.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სამინისტროს ხარისხის განვითარების ეროვნული სააგენტოსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონახულება და იმ სიახლეების გაცნობა, რომელიც უმაღლესი განათლების სფეროში ხორციელდება.