სასწავლო დაწესებულებების მანდატურები სამაშველო კურსებს თბილისის ზღვაზე გადიან. პროცესში ჩართულია როგორც თბილისის ასევე სხვადასხვა რეგიონის 150 მანდატური. მანდატურთა სამაშეველო სამსახურისთვის მომზადების პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოს შსს აკადემიის რექტორი ხატია დეკანოიძე გაეცნენ.
სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით მანდატურის სამსახური ერთი წლის წინ შეიქმნა და უკვე დიდი წარმატებით მოქმდებს. მანდატურები უზრუნველყოფენ დანაშაულის პრევენციას და მოსწავლეებისათვის ყველა სახის დახმარების გაწევას. სკოლებში აღმოიფხვრა დანაშაულისა და უმიზეზოდ გაკვეთილების გაცდენის ფაქტები. ახალი სასწავლო წლიდან მანდატურის სამსახური ახალ ეტაპზე გადადის, ამიერიდან, სკოლის სამი მანდატურიდან ერთი სამაშველო სამსახურისთვის იქნება გადამზადებული და პირველად სამედიცინო დახმარებასთან ერთად საგანგებო სიტუაციებში მოქმედებასაც შეძლებს.
2 კვირიანი სამაშველო კურსებისთვის მანდატურთა შერჩევა მათ მიერ სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩაბარებული ნორმატივების შედეგების მიხედვით მოხდა. სპორტული ნორმატივების ჩაბარების შედეგად ფიზიკურად ყველაზე მომზადებული მანდატურები გამოვლინდნენ და სწორედ მათი გადამზადება ხდება შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების ცენტრის ექსპერტების მიერ.
სამაშველო საქმიანობა დახმარებისა და საფრთხეებისაგან მოსწავლეთა დაცვის სხვადასხვა მეთოდებს და საშუალებებს მოიცავს. იგულისხმება როგორც ბუნებრივი ასევე, სპონტანურად შექმნილი საფრთხეები. მანდატურები სწავლობენ ქიმიური, რადიაციული და ბიოლოგიური დაბინძურების დროს უსაფრთხოების ნორმების დაცვას, წყალთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან აცილებას, სამაშველო კურსებს ისინი მდინარე არაგვზეც გადიან, სწავლობენ წყლიდან დაზარალებულის ამოყვანას, მათთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას.
მანდატურები პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას ნებისმიერ საგანგებო სიტუაციაში შეძლებენ, მათ შორის სატრანსპორტო უბედური შემთხვევის, ხანძარის, მიწის ძვრის, წყალდიდობის, მეწყერის და ა.შ.