შესაბამისი საგრანტო კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა გამოაცხადეს.
პროექტის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდა მეცნიერებს უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში პროფესიული გამოცდილების შეძენასა და საერთაშორისო საქმიანი კონტაქტების დამყარებაში, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა მკვლევართა კვალიფიკაციის ამაღლებას.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 40 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არის დოქტორი, დოქტორანტი ან რეზიდენტი და ფლობს ინგლისურ ან იმ ქვეყნის ენას, სადაც გეგმავს სტაჟირების გავლას. უცხოეთში სტაჟირებას სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 15 ათასი ლარით დააფინანსებს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ელექტრონული რეგისტრაცია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.rustaveli.org.ge დღეს დაიწყო და 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ანალოგიური კონკურსი წელს მესამედ იმართება. ამ კონკურსის ფარგლებში მხოლოდ გასულ წელს საზღვარგარეთის წამყვან კვლევით დაწესებულებებში სამეცნიერო სტაჟირება 16-მა ახალგაზრდა მეცნიერმა გაიარა, მათ შორის რამდენიმე უცხოელი პარტნიორების ინიციატივით, დღემდე აგრძელებს მუშაობას იმავე ორგანიზაციებში.
ასეთი კონკურსები საშუალებას იძლევა ახალგაზრდა მკვლევარები საერთაშორისო სამეცნიერო ცხოვრებაში ჩაერთონ და მაღალკვალიფიციური სპეცილისტები გახდნენ.