საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და საქართველოს შსს აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ სასწავლო დაწესებულებების 40 მანდატურს სამაშველო კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.
სამაშველო კურსები 40-მა მანდატურმა თბილისის ზღვასა და მდინარე არაგვის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიარა. სასწავლო წლის დაწყებამდე დედაქალაქისა და სხვადასხვა რეგიონის 150 მანდატური გადამზადდება. სამაშველო კურსებისთვის მანდატურთა შერჩევა მათ მიერ სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩაბარებული ნორმატივების შედეგების მიხედვით მოხდა. ფიზიკურად ყველაზე მომზადებული მანდატურები შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების ცენტრის ექსპერტებმა გადაამზადეს.
სამაშველო საქმიანობა დახმარებისა და საფრთხეებისაგან მოსწავლეთა დაცვის სხვადასხვა მეთოდებს და საშუალებებს მოიცავს, იგულისხმება როგორც ბუნებრივი ასევე, სპონტანურად შექმნილი საფრთხეები. მანდატურები სწავლობენ ქიმიური, რადიაციული და ბიოლოგიური დაბინძურების დროს უსაფრთხოების ნორმების დაცვას, წყალთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან აცილებას. მანდატურები პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას ნებისმიერ საგანგებო სიტუაციაში შეძლებენ, მათ შორის სატრანსპორტო უბედური შემთხვევის, ხანძარის, მიწის ძვრის, წყალდიდობის, მეწყერის და ა.შ.
სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით მანდატურის სამსახური ერთი წლის წინ შეიქმნა და უკვე დიდი წარმატებით მოქმედებს. მანდატურები უზრუნველყოფენ დანაშაულის პრევენციას და მოსწავლეებისათვის ყველა სახის დახმარების გაწევას. სკოლებში აღმოიფხვრა დანაშაულისა და უმიზეზოდ გაკვეთილების გაცდენის ფაქტები. ახალი სასწავლო წლიდან მანდატურის სამსახური ახალ ეტაპზე გადადის, ამიერიდან, სკოლის სამი მანდატურიდან ერთი სამაშველო სამსახურისთვის იქნება გადამზადებული და პირველად სამედიცინო დახმარებასთან ერთად საგანგებო სიტუაციებში მოქმედებასაც შეძლებს.