საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ტყიბულის რაიონში ახალ საბაზო სკოლას აშენებს. სოფელ მუხურაში სკოლის მშენებლობის მიმდინარეობა მინისტრის მოადგილემ ნოდარ სუგულაძემ და იმერეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილემ გრიგოლ მატარაძემ დაათვალიერეს.
სოფელ მუხურაში სკოლის შენობა გასულ საუკუნეში დაიწვა, მოსწავლეები რამდენიმე ათეული წელია კოლმეურნეობის ძველ, სწავლისთვის სრულიად შეუფერებელ გარემოში სწავლობდნენ. ახალი ხის შენობა 70 ბავშვზე იქნება გათვლილი, ამ ტიპის სკოლა მორგებული იქნება გარემოზე და სრულიად კომფორტული და თანამედროვე სწავლისთვის.
მუხურას სკოლის მშენებლობა სრულდება, დამთავრდა გადახურვა, ამჯერად მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები, სკოლა ახალი სასწავლო წლიდან შეუდგება ფუნქციონირებას.
საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში სასწავლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, თანამედროვედ აღჭურვა და კეთიმოწყობა სამინისტროს პრიორიტეტია.
მხოლოდ მიმდინარე წელს, საქართველოს მასშტაბით 271 საჯარო სკოლაში განხორციელდა სრული რეაბილიტაცია. ყველა რეგიონში შენდება ახალი სკოლები: ჩიბათის, ნოქალაქევის, მელაანის, ქვაბღას, ახალციხის №5, ახალქალაქის №3, ხაჯალიას, ჯახუნდარას, მუხურას, სალხინოს, საზანოს საჯარო სკოლების მოსწავლეები ახალ, თანამედროვე, შესაბამისი ტექნიკური ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ სკოლებში ისწავლიან.