საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა იტალიური და თურქული ენების საგნობრივ პროგრამებზე მუშაობა დაასრულა. ამ თემასთან დაკავშირებით, მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ ბრიფინგი გამართეს.
იტალიური და თურქული ენების საგნობრივი პროგრამის შინაარსი ეროვნული სასწავლო გეგმის უცხოური ენების მოქმედ სტანდარტს ემყარება.
იტალიური და თურქული ენების საგნობრივ პროგრამებზე, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ექსპერტებთან ერთად, იტალიური და თურქული ენების მოწვეული სპეციალისტები მუშაობდნენ, რომლებმაც პროგრამები შექმნეს როგორც დაწყებითი, ასევე საბაზო-საშუალო საფეხურის სხვადასხვა დონისთვის. იტალიური ენის საგნობრივი პროგრამა იტალიის საელჩოსთან აქტიურო თანამშრომლობით შემუშავდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უკვე გამოაცხადა 2012-2013 სასწავლო წლისთვის სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსი, მათ შორის იტალიური და თურქული ენების სახელმძღვანელოებზეც.