ყველა მოქმედი მანდატური სხავადასხვა დისციპლინაში გადამზადდება. მანდატურებს ფსიქოლოგიურ ასპექტებზე, სამართალდარღვევებზე რეაგირების წესზე, პროფესიულ ეთიკასა და აკადემიურ წერაზე, უნარშეზღუდულ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან კონტაქტის დამყარებაზე რამდენიმედღიანი ტრენინგი უტარდებათ.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები გადამზადების კურსებს შსს აკადემიაში გადიან. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, აკადემიის რექტორთან ხატია დეკანოიძესთან ერთად, მანდატურებს შეხვდა და ლექციების მიმდინარეობას გაეცნო.
მინისტრის განცხადებით, ეს კურსები მანდატურებს დაეხმარებათ მათი საქმიანობა უფრო ეფექტური გახადონ, სწორი კვალიფიკაცია მისცენ საქმიანობისას გამოვლენილ სამართალდარღვევებს და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ მათზე.
გარდა მანდატურის სამსახურის პროფესიული ეთიკისა, მანდატურები სკოლის დირექტორის, მასწავლებლის და მოსწავლეთა ქცევის კოდექსებსაც ეცნობიან, სწავლობენ სამსახურებრივი დოკუმენტაციის წარმოებას.
მანდატურების გადამზადების მიზანია ძირითადი ცოდნის გაღრმავება, მომავალში მანდატურები უფრო ადვილად შეძლებენ გარშემომყოფებთან კონტაქტის დამყარებას და კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებას.
სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა მანდატური გადამზადდება, კურსების შემდეგ გამოცდები დაინიშნება, მანდატურს, რომელიც გამოცდას ვერ ჩააბარებს, კონტრაქტი შეუწყდება და მანდატურის სამსახურს დატოვებს.