29.08.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2011 -2015 წლების ელექტონული სტრატეგიის ფარგლებში, მოსწავლეთა მართვის ახალი საინფორმაციო სისტემა ამოქმედდა. დღეს, აღნიშნული სისტემის პრეზენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა და სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი გულუამ გამართეს.
eStudents - მოსწავლეთა მართვის ახალი საინფორმაციო სისტემის დანერგვით, საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში ახალ სისტემაზე გადავიდა, რამაც განათლებისა და მეცნიერების სამნისტროს საშუალება მისცა, შეემუშავებინა eschool-ის სტრატეგია, რომელიც საზოგადოებისთვის ერთი თვის შემდეგ გახდება ცნობილი.
eStudents - მოსწავლეთა მართვის ახალი საინფორმაციო სისტემის დანერგვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საშუალება მიეცა დაეზოგა 12 მილიონი ლარი. ამ თანხით მოხდა საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
eStudents - მოსწავლეთა მართვის ახალი საინფორმაციო სისტემის დანერგვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უერთდება იუსტიციის სამინისტროს ID ბარათების პროექტს, რის შემდეგაც მოსწავლეთა მონაცემების მიბმა ID ბარათებზე იქნება შესაძლებელი.
eStudents - მოსწავლეთა მართვის ახალი საინფორმაციო სისტემის მეშვეობით, სკოლას აქვს საშუალება online რეჟიმში გადაამოწმოს საკუთარი მოსწავლეების მონაცემები, განახორციელოს მობილობის პროცესი, აირჩიოს სახელმძღვანელოები და ასევე გააკეთოს სოციალურად დაუცველი მოსწავლეების იდენტიფიცირება.
მოსწავლეთა მართვის საინფორმაციო სისტემა საშუალებას მისცემს სამინისტროს ზუსტად განსაზღვროს სკოლისათვის განკუთვნილი ვაუჩერის ზომა და სხვა პროცედურები.
მოსწავლეთა სიები ავტომატურად გადაეცემა გამოცდების ეროვნულ ცენტრს, რაც ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის და ეროვნული ოლიმპიადებისათვის მოსწავლეთა ხელახალი რეგისტრაციის საჭიროებას გამორიცხავს.
სკოლებში მოსწავლეთა მართვის ახალი საინფორმაციო სისტემის დანერგვით ეფექტური გახდება სკოლის მენეჯმენტი და მოსწავლეთა ზუსტი აღრიცხვა.