02.09.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ თბილისის 186-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რაგბის სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერეს. სამინისტროს მხარდაჭერით, რაგბის კავშირი რაგბის სტანდარტულ მოედანს და მოზარდების სავარჯიშოდ განკუთვნილ რაგბის სტადიონს აშენებს. თანამედროვე სპეციალიზირებული რაგბის სპორტული კომპლექსი ერთადერთია დიდი დიღმის დასახლებაში. იგი რაგბით დაინტერესებულ ყველა მოზარდს მოემსახურება.
დიდი დიღმის დასახლების სკოლებში პრეზიდენტის ინიცირებულმა პროექტმა, ფიზკულტურის სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლების თაობაზე, დიდი დაინტერესება გამოიწვია. მოსწავლეები კალათბურთით, ფეხბურთით, ფრენბურთით, ცურვითა და წყალბურთით არიან დაინტერესებულნი. სურვილის შემთხვევაში, მომავალში მათ რაგბის სტადიონზე სპორტის ამ სახეობაშიც ჩაუტარდებათ გაკვეთილები. თანამედროვე კომპლექსი რაგბის პოპულარიზაციას და განვითარებას შეუწყობს ხელს.
კოკა სეფერთელაძის განცხადებით, სპორტის სახეობების მრავალფეროვნება მოზარდებს საშუალებას მისცემს, გამოავლინონ და განავითარონ თავიანთი ფიზიკური უნარები, ხოლო სკოლაში შეძენილი ჯანსაღი ცხოვრებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები მათ მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვებათ.