სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მენტორ მასწავლებლების შესარჩევ კონკურსს იწყებს. ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა ბრიფინგი გამართეს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, გეოგრაფიის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ისტორიის, ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული ენების, დაწყებითი საფეხურისა და სამოქალაქო განათლების სერტიფიცირებულ პედაგოგებს შეუძლიათ, რომლებსაც გააჩნიათ პედაგოგად მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება და საჯარო ან კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ასწავლიან.
სერტიფიცირებულ მასწავლებლებს, რომელთაც ხელფასზე 75 ლარიანი დანამატი აქვთ, მენტორობის შემთხვევაში ანაზღაურება დამატებით კიდევ 160 ლარით ეზრდებათ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მენტორ მასწავლებლებს ხელფასის გაზრდასთან ერთად, დამატებითი კრედიტებიც უგროვდებათ.
მენტორ მასწავლებლის პროგრამა უკვე მეორე წელია მოქმედებს. გასულ წელს პროგრამა მხოლოდ 7 ძირითად ქალაქში ფუნქციონირებდა, წელს ეს რიცხვი 10-მდე გაიზარდა. 2011-2012 სასწავლო წლიდან მენტორ მაწავლებლებს მუშაობა შეეძლებათ: თბილისის, გორის, თელავის, ახალციხის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, ოზურგეთისა და რუსთავის სკოლებში.