საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს პროგრამის “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” წლიური ანგარიში წარუდგინა. მინისტრმა და პროგრამის მენეჯერმა მაია სიფრაშვილი-ლიმ მოწვეულ სტუმრებს პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები გააცნეს და პროგრამის მომავალ მიზნებსა და სტარატეგიაზე ისაუბრეს.
ინგლისური ენის სწავლების გაძლიერება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. პროგრამის “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში, უცხოელი ინგლისურენოვანი მასწავლებლები ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად ინგლისურს როგორც თბილისში, ასევე საქართველოს ყველა რეგიონში ასწავლიან. მოსწავლეებს საშუალება აქვთ ინგლისურად საუბრის პრაქტიკა ისეთ პედაგოგებთან გაიარონ ვისთვისაც ინგლისური ენა მშობლიურიაა.
უცხოელი მასწავლებლების ანგარიშებზე დაყრდნობით, სამინისტრომ 1-6 კლასის ინგლისური ენის სახელმძღვანელოების შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, წელს საქართველოს ყველა საჯარო სკოლის 1-6 კლასის, ხოლო 2012-2013 წლიდან უკვე 7-12 კლასის მოსწავლეები ინგლისურ ენას მაკმილანის სახელმძღვანელოებით შეისწავლიან. სამინისტროსა და მაკმილანის გამომცემლობას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი 2010 წელს გაფორმდა.
ინგლისური ენის სწავლების დონის ამაღლების პარალელურად, პროექტი ქვეყნებს შორის კულტურულ და საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამასაც წარმოადგენს. პროექტი მოსწავლეებს უცხო ქვეყნის წარმომადგენლებთან კომუნიკაციაში და მათთან დაახლოებაში ეხმარება.