13.09.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის რექტორს კლაუს დიკს და უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გაცვლითი პოგრამების ამოქმედებას, ერთობლივი ლექციების, სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზებას.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტს 45 წლის თანამშრომლობა აკავშირებთ. ამ ხნის განმავლობაში ორი უმაღლესი სასწავლებელი ერთობლივ პროექტებს ახორციელებს. თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მოქმედებს სამაგისტრო პროგრამა, რომელიც პროგრამის პრაქტიკული ნაწილის გავლას იენის უნივერსიტეტში გულისხმობს.
თსუ-სთან მომავალ თანამშრომლობაზე გაგრძელდა საუბარი უცხოელი სტუმრების მინისტრთან შეხვედრისას. იენის უნივერსიტეტის რექტორთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკის და ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანები და საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი, თსუ-ის რექტორი.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენცია, შეხვედრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანებთან და პროფესორებთან.