საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალაში ახლადაშენებული საჯარო სკოლა დაათვალიერეს და პირველკლასელებს ახალი ქართული ენის სახელმძღვანელოები, სასწავლო აუდიო და ვიდეო მასალები გადასცეს.
ყარაჯალას საჯარო სკოლის 700-მდე მოსწავლე ამიერიდან თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლაში ისწავლის. სკოლა გეიდარ ალიევის ფონდის დაფინანსებით აშენდა და აღიჭურვა, გაკეთდა თანამედროვე გათბობა, მოეწყო საკონფერენციო დარბაზი, ექიმის კაბინეტი, ღია და დახურული სპორტული მოედნები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოეწყო კლას-კაბინეტები, სკოლას გადაეცა საბუნებისმეტყველო ლაბორატორია.
კოკა სეფერთელაძემ პირველკლასელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და დაწყებითი საფეხურის პირველი დონის ქართული ენის სახელმძღვანელოები გადასცა, რომლითაც ისინი ქართულ ენას შეისწავლიან. წელს ყარაჯალას საჯარო სკოლას აზერბაიჯანულ სექტორზე 32 პირველკლასელი ჰყავს, ამ სკოლის 56 პირველკლასელი, მათ შორის ეთნიკური აზერბაიჯანელები, ქართულ სექტორზე სწავლობენ.
ყარაჯალას საჯარო სკოლა ერთ-ერთი დიდი სკოლაა გარდაბნის რაიონში და აქ მოსწავლეთა უმრავლესობა ქართულ სექტორზე სწავლობს. ამ სკოლის აზერბაიჯანულენოვანი მოსწავლეები კი, ქართულ ენას ამიერიდან ახალი სახელმძღვანელოებით შეისწავლიან.
წიგნი შექმნილია მოსწავლეთა ინტერესებისა და რეალურ საცხოვრებელ გარემოში, ყოფით სიტუაციებში მიმდინარე მოვლენების, საჭიროებების გათვალისწინებით. გრამატიკის სწავლებისას, აქცენტი კეთდება ე.წ. გამოყენებით, ანუ კომუნიკაციურ გრამატიკაზე.
გარდა აუდიო-ვიზუალური მასალებისა სახელმძღვანელოს თან ახლავს სპეციალური კომპიუტერული თამაშები, რომლებიც ჩაიტვირთება პირველკლასელებისთვის დარიგებულ ნეთბუკებში და ასევე განთავსდება სპეციალურ ვებ-გვერდზე (www.buki.ge).
2011 წლის ბოლომდე I-დან VI დონის ჩათვლით ყველა სახელმძღვანელო გამოიცემა. 2012 წელს საბაზო-საშუალო საფეხურებისთვის სახელმძღვანელოების დანარჩენი დონეები შეიქმნება.