საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პირველი კლასების დამრიგებლებს შეხვდნენ.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ახალი სასწავლო წლიდან მშობლებს ბავშვის განვითარების მახასიათებლებისა და საკუთარი სურვილის გათვალისწინებით შეუძლიათ 5 წლის ასაკის ბავშვის სკოლაში შეყვანა. აქედან გამომდინარე, მოდიფიცირდა 2011-2016 წლების ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა და ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრში შეიქმნა I კლასის პედაგოგთა გზამკვლევი - ”5 წლის ასაკის ბავშვების სწავლა-სწავლების თავისებურებები”.
გზამკვლევის მიზანია დაეხმაროს დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს სწავლების პროცესის სწორად და ეფექტურად დაგეგმვასა და განხორციელებაში. გზამკვლევში მოცემულია ვრცელი რეკომენდაციები, თუ როგორი გარემო უნდა შეუქმნან პატარებს სწავლების პირველ წელს და განსაკუთრებით პირველ თვეებში. ყურადღება გამახვილებულია სწავლების პროცესში ინდივიდუალურ მიდგომებზე, აქტივობებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებზე.
შეხვედრაზე პრეზენტაცია წარმოადგინა ცენტრის დაწყებითი განათლების ექსპერტმა, ფსიქოლოგმა ნინო ლაბარტყავამ, რომელმაც ვრცლად ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მასწავლებლისთვის ხუთწლიანთა ასაკობრივი თავისებურებებისა და კანონზომიერებების, პირველკლასელთა სკოლასთან ადაპტაციის იმ საშუალებების გამოყენება, რომელთა მეშვეობითაც პატარები ადვილად შეეგუებიან მათთვის ახალ გარემოს.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად მიიღეს მონაწილეობა მოწვეულმა პედაგოგებმა. მათთვის ყველა საინტერესო შეკითხვას ექსპერტმა უპასუხა.
ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის მიერ საქართველოს მასშტაბით უკვე გადამზადდა დაწყებითი საფეხურის 1900 პედაგოგი. 5 წლის ასაკის ბავშვის სწავლა-სწავლების თავისებურებების თემით ტრენინგები მომავალშიც გაგრძელდება.