საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა №94-ე საჯარო სკოლის პირველკლასელებთან ერთად კომპიუტერული ქარხანა ”ალგორითმი” დაათვალიერა. მოსწავლეები კომპიუტერების აწყობის პროცესს გაეცნენ და პირადად ნახეს, თუ როგორ იტვირთება ის პროგრამები, რომლებსაც სკოლაში კომპიუტერის დახმარებით სწავლობენ.
კომპიუტერული ქარხნის დათვალიერების სურვილი მოსწავლეებმა თავად გამოთქვეს. მინისტრმა კი ბავშვებს თხოვნა შეუსრულა და ქარხანა თავად დაათვალიერებინა.
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით წელს 60 ათასამდე პირველკლასელს და მათ დამრიგებლებს ქარხანა ”ალგორითმში” აწყობილი კომპიუტერი გადაეცა. აღნიშნულ ქარხანაში ჩაიტვირთა ის პროგრამებიც, რომელიც კომპანია INTEL-თან თანამშრომლობით მათივე პროგრამებით სპეციალურად საქართველოს სკოლებისთვის, საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე შეიქმნა. მოსწავლეებისთვის კომპიუტერების გადაცემა მიზნად ისახავს განათლების სისტემაში მსოფლიო სტანდარტების დანერგვას, ბავშვებში შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და მათ ინტეგრაციას განათლების საერთაშორისო სივრცეში.
სასწავლო პროცესში კომპიუტერის ეფექტურად გამოყენების უზრუნველსაყოფად, სამინისტრომ ყველა პირველი კლასის დამრიგებელი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გადაამზადა. ისინი გაეცვნენ როგორც კომპიუტერების ფიზიკურ სტრუქტურასა და მასთან მუშაობას, ასევე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით (ისტ) გამდიდრებული გაკვეთილისა და სასწავლო პროექტების მომზადებას.
კომპიუტერული ქარხანა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა 2011 წლის 25 ივლისს გახსნეს. ასეთი მასშტაბის ქარხანა მთელს ამიერკავკასიაში ერთადერთია. მას აქვს რესურსი, წელიწადში დაახლოებით მილიონამდე კომპიუტერი გამოუშვას და მისი რეალიზაცია უცხოეთში მოახდინოს. მომავალში, ქარხანას ყველანაირი სახის კომპიუტერული ტექნიკის წარმოება შეუძლია, რაც თავის მხრივ დასაქმებას და ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს.