29.09.2011
ზესტაფონის რაიონის სოფელ ფუთში ახალი სკოლა აშენდა. ახლადაშენებული სკოლა დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
სკოლის მშენებლობა სოფელ ფუთში 2010 წელს დაიწყო და ერთი თვის წინ დასრულდა. 250 ბავშვზე გათვლილი ახალი სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა აღჭურვილი. პროგრამა ,,აინშტაინის’’ ფარგლებში მოწყობილია საბუნებისმეტყველო ლაბორატორია; სკოლაში ფუნქციონირებს ინფორმაციული ტექნოლოგიების კაბინეტი და ბიბლიოთეკა. ახალ სასწავლო წელს ფუთის საჯარო სკოლის ყველა პირველკლასელმა პრეზიდენტისგან საჩუქრად ნეტ-ბუკი მიიღო.
სკოლის ძველი შენობა ფუთში გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა. მიწისძვრის შედეგად შენობა ავარიული გახდა. ამის გამო სამი წლის განმავლობაში სკოლა ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში იყო განთავსებული. 150 მოსწავლეს არასტანდარტულ, არაკომფორტულ და არასაგანმანათლებლო გარემოში უწევდა სწავლა.
ამორტიზირებული შენობის გამო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ფუთში ახალი სკოლის მშენებლობა გადაწყვიტა. თანადაფინანსების პრინციპით განხორციელებულ პროექტში 650 ათასი ლარი დაიხარჯა. სკოლის მშენებლობისთვის თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან, რეგიონალური განვითარების ფონდიდან და ზესტაფონის რაიონის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან გამოიყო. სოფელ ფუთის ახალ სკოლაში ამჟამად 215 მოსწავლე სწავლობს.