ოზურგეთის №5 საჯარო სკოლაში პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამა ,,ALUMNI-ის’’ ფარგლებში ლინგოფონის კაბინეტი მოეწყო. კაბინეტის სრული რეაბილიტაცია და საჭირო აპარატურით აღჭურვა სკოლის კურსდამთავრებულმა პეტრე ცანავამ განახორციელა.
№5 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ახალი სასწავლო წლიდან სპეციალურად შეძენილი ინგლისური ენის შესწავლისათვის საჭირო პროგრამითაც ისარგებლებენ. პროგრამა ენის სწავლების ეფექტურობის გაზრდას, ლექსიკური მარაგის გამდიდრებას და მეტყველების განვითარებას ემსახურება. კაბინეტის ბიუჯეტი 20 000 ლარს შეადგენს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ მადლობა გადაუხადა პეტრე ცანავას და ყველა იმ პირს, რომლებმაც მადლიერების ნიშნად საკუთარ სკოლას დახმარება აღმოუჩინეს.
ოზურგეთის №2 საჯარო სკოლაში ნოდარ სურგულაძემ ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის წარჩინებული მეათეკლასელები პორტატული კომპიუტერებით დაასაჩუქრა. პრეზიდენტის საჩუქარი იმ მოსწავლეებმა მიიღეს, რომელთაც 2010-2011 სასწავლო წელს საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს.
პროექტი რამდენიმე წელია ხორციელდება და წელს
პირველად, მოსწავლეები იმ პორტატული კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ, რომლებიც
საქართველოში დამზადდა. ამიერიდან სამინისტრო ყველა წარმატებულ მოსწავლეს თუ
სტუდენტს სწორედ საქართველოში წარმოებული კომპიუტერებით წაახალისებს.
მოსწავლეთა წახალისების პროექტი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის - ”ჩემი
პირველი კომპიუტერი” ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე
დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებას.