ლაბორატორია შეიქმნა ენერგეტიკული და მონათესავე პროფილის სპეციალისტების საერთაშორისო სტანდარტების დონეზე მომზადების მიზნით და ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს მოემსახურება. ლაბორატორიის აღჭურვის ხარისხი ასევე იძლევა უნიკალურ შესაძლებობას დოქტორანტების მოსამზადებლად. სხვადასხვა პროფილის ახალგაზრდა სპეციალისტების გადამზადებისა და პროფესიონალი ენერგეტიკოსების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.
ლაბორატორია შეიქმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ავსტრიული კომპანია HERZ Armaturen–ის, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის ერთობლივი ძალისხმევით. ლაბორატორიის მოწყობილობა ავსტრიელი, უკრაინელი და ქართველი სპეციალისტების მიერ დამონტაჟდა.
საწყის ეტაპზე ავსტრიელი და უკრაინელი სპეციალისტები ქართველ კოლეგებს გადაამზადებენ. სამომავლოდ აქ მოეწყობა განახლებადი ენერგიის გამოყენების თანამედროვე ტექნიკის სადემონსტრაციო ხაზი და სამუშაო შეხვედრები ელექტრომომარაგებისა და გათბობა-ცხელწყალმომარაგების პროფილის ადგილობრივ კომპანიებთან.
ლაბორტორია გაზრდის ინტერესს მაღალეფექტური საყოფაცხობრებო ტექნიკის გამოყენების მიმართ, განავითარებს ენერგიის დაზოგვის კულტურას და დაამკვიდრებს ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკული ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილებას. ლაბორატორია ასევე პოპულარიზაციას გაუწევს ენერგეტიკული დარგის სპეციალიზაციებს, რისთვისაც გათვალისწინებულია სასწავლო-შემეცნებითი ლექციების ჩატარება სკოლის ასაკის ახალგაზრდებისთვის.
ლაბორატორიაში მიღებული კვლევის შედეგები საქართველოში ეკოლოგიურად და ენერგეტიკულად ეფექტური ტექნოლოგიების ფართო გამოყენებისთვის საიმედო ბაზას შექმნის.