საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე ახალციხის №1 საჯარო სკოლის 180-ე წლის იუბილეს დაესწრო და სკოლის ორ წარმატებულ მოსწავლეს - ჯემალ მაკარიძეს და თათია კოტაძეს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერები გადასცა.
შოთა რუსთაველის სახელობის ახალციხის №1 საჯარო სკოლაში ამავე სკოლის კურსდამთავრებულის, დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის მიხეილ თამარაშვილის გარდაცვალების 100 წლისთავიც აღინიშნა. მეცნიერის პატივსაცემად, სკოლაში მისი სახელობის სტენდი გაიხსნა.
ახალციხის №1 საჯარო სკოლა 1831 წელს დაარსდა. სკოლას თითქმის ორსაუკუნოვანი ისტორია აქვს. სწორედ ამ სკოლაში აღიზარდნენ ისეთი გამოჩენილი ქართველი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები, როგორებიც არიან მიხეილ თამარაშვილი, პეტრე ხარისჭირაშვილი, ივანე და კონსტანტინე გვარამაძეები, ელენე დიდიმამიშვილი, შოთა ლომთაძე და სხვები.
ღონისძიების ფარგლებში, ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მიხეილ თამარაშვილის სამეცნიერო ნაშრომებთან დაკავშირებული კონფერენციაც გაიმართა, ხოლო საზეიმო დასკვნითი კონცერტი მესხეთის სახელმწიფო თეატრში მოეწყო.
ღონისძიების ორგანიზებაში ჩართული იყო როგორც ახალციხის №1 საჯარო სკოლა, ასევე ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, სამხარეო ადმინისტრაცია, ადგილობრივი თვითთმართველობა და მესხეთის სახელმწიფო თეატრი.