საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სამინისტროს მიერ facebook-ის მომხმარებლებისათვის გამოცხადებული ფოტოკონკურსების „ულამაზესი სვანეთი“ და ”მე სკოლაში მივდივარ” გამარჯვებულები დაასაჩუქრა. საქართველოში წარმოებული პორტატული კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის მესამე კურსის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტი, პრეზიდენტის სტიპენდიანტი გიორგი ფუტკარაძე და ბიოლოგიის მასწავლებელი ხათუნა გოგალაძე. ფოტოკონკურსები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს facebook-ის ოფიციალურ გვერდზე www.facebook.com/mes.gov.ge გამოცხადდა და მასში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლო.
განახლებული სვანეთი ბოლო პერიოდში ნამდვილ აღმოჩენად იქცა არამარტო უცხოელებისათვის არამედ, ბევრი ქართველისთვისაც. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა მინისტრის გადაწყვეტილება facebook-ის მომხმარებლებისათვის ფოტოკონკურსი შეეთავაზებია დღეისათვის ყველაზე აქტუალურ და ლამაზ თემაზე სახელწოდებით - ”ულამაზესი სვანეთი”. ახალი სასწავლო წლის დაწყებას მიეძღვნა ფოტოკონკურსი ”მე სკოლაში მივდივარ”.
facebook-ის მომხმარებლებისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ინიციატივით უკვე სხვადასხვა თემატიკის ექვსი ფოტოკონკურსი ჩატარდა. სოციალური ქსელის საშუალებით სამინისტრო მომავალშიც არაერთ საინტერესო, შემეცნებით კონკურსს გამოაცხადებს.