საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა სამინისტროს, სახალხო დამცველსა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი ხელს შეუწყობს ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციასა და მისი უფლებების დაცვას. აღნიშნული დოკუმენტით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სახალხო დამცველსა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შორის ურთიერთობა სისტემურ ხასიათს მიიღებს.
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. ერთ-ერთი მათგანია პროექტი “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის”, რომლის პრეზენტაციაც ღონისძიების ფარგლებში გაიმართა. პროექტი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისათვის სახელმწიფო ენის გაძლერებულად შესწავლას ითვალისწინებს.
გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით სამინისტროს მიერ ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით განხორციელებული პროექტები სახალხო დამცველსა და მასთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან თანამშრომლობით გაგრძელდება.